№5 ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულების ბიბლიოთეკა

№5 ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულების ბიბლიოთეკა არის თანამედროვე სტანდარტების ღია ტიპის ბიბლიოთეკა, რომელიც დაარსდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის 2011 წელს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

ბიბლიოთეკა ამ ეტაპზე აღჭურვილია 3000-ზე მეტი დასახელების წიგნით, რომელთა ეგზემპლარების საერთო რაოდენობა აღემატება 7000-ს. ბიბლიოთეკა უზრუნველყოფილია, როგორც მხატვრული, ასევე არამხატვრული ლიტერატურით.  არსებული წიგნების უმრავლესობა შესრულებულია ქართულ ენაზე, თუმცა, გარდა ქართულენოვანი ლიტერატურისა, ბიბლიოთეკას გააჩნია ინგლისურ, რუსულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და სხვა რამდენიმე ენაზე შესრულებული ლიტერატურა, რომელთა შევსება ხორციელდება პერიოდულად.

ბიბლიოთეკა წიგნების კატალოგიზაციისთვის იყენებს საერთაშორისო საბიბლიოთეკო პროგრამას KOHA, რომლის დაინსტალირება მოხდა საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის დახმარებითა და თანამშრომლობით. წიგნების კლასიფიკაციისთვის გამოყენებულია დიუის ათწილადი კლასიფიკაციის სისტემა.

თითქმის ყოველდღიურად ხდება №5 ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულების ბიბლიოთეკის განახლება პრესით. გარდა ამისა, ბიბლიოთეკას გააჩნია 450 ცალი აუდიო/ ვიდეო მასალა. ბიბლიოთეკის თითოეული ზემოთ აღნიშნული სეგმენტი ხელმისაწვდომია, როგორც ქალი პატიმრებისთვის, ასევე დაწესებულების თანამშრომლებისთვის. ბიბლიოთეკის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ბიბლიოთეკიდან გაიტანონ და თავიანთ ოთახებში დანიშნულებისამებრ გამოიყენონ ბიბლიოთეკის მიერ შეთავაზებული ზემოთჩამოთვლილი პროდუქცია/მასალები. ასევე, მათ აქვთ შესაძლებლობა ადგილზევე გაეცნონ მათთვის სასურველ მასალას და ისარგებლონ კომპიუტერებით.  

გარდა საბიბლიოთეკო მომსახურეობისა, №5 ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულების ბიბლიოთეკა მხარდაჭერას უწევს ამავე დაწესებულებაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს მსჯავრდებულებისათვის ტრენინგების ჩატარების საქმეში. გამოყოფილია საკონფერენციო ოთახი, რომელიც მთლიანად ეთმობა მსჯავრდებულთა ტრენინგებს. 2012 წლის მაისიდან არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, მსჯავრდებულთა სხვადასხვა ჯგუფებისთვის, ჩატარდა ფლორა-დიზაინის, ინგლისურის,  ქართული ენის (ეთნიკური უმცირესობებისათვის) კურსები, ბიზნეს ტრენინგი, ფსიქოლოგიური, ფსიქიატრიული ტრენინგები, შრომითი უფლებების, სამუშაოს მოძიების უნარ-ჩვევების, გათავისუფლებისთვის მომზადების კურსები. ზემოაღნიშნულ ტრენინგთა ნაწილი დღესაც აქტიურ ფაზაშია.

№5 ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულების ბიბლიოთეკა, ხელმძღვანელობს რა საბიბლიოთეკო ასოციაციებისა და ინსტიტუტების საერთაშორისო ფედერაციის სასჯელაღსრულების დაწესებულებების ბიბლიოთეკებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოთი, ორგანიზებას უწევს და მასპინძლობს სხვადასხვა კულტურულ, გასართობ თუ სარეაბილიტაციო პროგრამებს. უახლოეს წარსულში ბიბლიოთეკამ უმასპინძლა საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ ფილმის ჩვენება/განხილვას. 23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მსჯავრდებულებს საშუალება მიეცათ ბიბლიოთეკის მშვიდ და მყუდრო გარემოში შეხვედროდნენ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს  ინიციატივით მოწვეულ სტუმრებს, რომელთა შორის იყვნენ მწერლები ლაშა ბუღაძე, დათო ტურაშვილი და რეჟისორი დავით საყვარელიძე.

ბიბლიოთეკა მზადაა ხელი შეუწყოს მსჯავრდებულთა ინიციატივას ჩაატარონ ლიტერატურული თუ სხვა სახის კულტურული ღონისძებები. 2012 წლის, 14 ოქტომბერს,  მსჯავრდებულთა ინიციატივითა და ბიბლიოთეკის მხარდაჭერით მსჯავრდებულებისათვის და უცხოელი სტუმრებისთვის, დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობის“ მიხედვით, ორ ენაზე (ქართული და ინგლისური) წარმოდგენილ იქნა მინი-სპექტაკლი „ჯინსების თაობა“.  

ბიბლიოთეკაში რეგულარულად იმართება ფილმების ჩვენება, ასევე გამოყოფილია დრო მუსიკისთვის.

საერთაშორისო სტანდარტებით პატიმრობაში მყოფ ადამიანს არ ჩამოერთმევა განათლებისა და ინფორმაციის მიღების უფლება. ამდენად. №5 ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულების ბიბლიოთეკა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს მხარდაჭერით, ორიენტირებულია ქალი პატიმრებისთვის სწორედ ამ ორი უნივერსალური უფლების რეალიზებაზე.

ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობებით, მშვიდი და მყუდრო გარემოს შექმნით, №5 ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულების ბიბლიოთეკა ცდილობს ქალ პატიმრებს შეუმსუბუქოს თავისუფლების აღკვეთის ფსიქოლოგიურად მძიმე პერიოდი და აქტიური მონაწილეობა მიიღოს მათი რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის საქმეში.

ბიბლიოთეკაში დასაქმებულნი არიან და ბიბლიოთეკას საბიბლიოთეკო საქმის განხორციელებაში ეხმარებიან მსჯავრდებულები.

№5 ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულების ბიბლიოთეკის მთავარი ბიბლიოთეკარი,

ანა გერგედავა